შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო 7 პირი 3000 ლარით ჯარიმით დააჯარიმეს.
უწყების ინფორმაციით, დაჯარიმების შემდეგ წესების დამრღვევი პირები ისევ საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
შსს-ს განცხადებით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებისას კი - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.
ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.
გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - წერია შსს-ს განცხადებაში.